14.07.2026
ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ESET იუწყება 11 მოძველებული shim-ჩამტვირთველის (ვერსია 0.9 და უფრო ადრეული) აღმოჩენის შესახებ. აღნიშნული ვერსიები თავდამსხმელებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ UEFI Secure Boot-ის მექანიზმს ნებისმიერ UEFI-ზე დაფუძნებულ კომპიუტერზე, რომელიც იყენებს Microsoft Corporation UEFI CA 2011-ის სერტიფიკატს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ოპერაციული სისტემა არის მასზე დაინსტალირებული.
აღმოჩენილი shim-ჩამტვირთველები სხვადასხვა პროგრამულ პროდუქტში გვხვდება, კერძოდ კომპიუტერის დიაგნოსტიკის პროგრამებში, Linux-ის დისტრიბუტივებსა და UEFI-ზე დაფუძნებულ სხვა უტილიტებში. მათი გამოყენება შესაძლებელია სისტემის ჩატვირთვის პროცესში დაუდასტურებელი კოდის შესასრულებლად. შედეგად, თავდამსხმელებს შეუძლიათ UEFI-ის მავნე ბუტკიტების (როგორებიცაა Bootkitty, HybridPetya და BlackLotus) გაშვება იმ სისტემებზეც კი, სადაც UEFI Secure Boot ჩართულია.
ESET-ის სპეციალისტებმა აღმოჩენილი დაუცველობის შესახებ CERT-ის საკოორდინაციო ცენტრს (CERT/CC) 2026 წლის თებერვალში აცნობეს, რის შემდეგაც ცენტრი შესაბამის მომწოდებლებს დაუკავშირდა. ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია, ხოლო დაუცველი UEFI-ის ჩამტვირთველები Microsoft-ის 2026 წლის 9 ივნისის განახლებაში გაუქმებული ხელმოწერების მონაცემთა ბაზაში (dbx) დაემატა.

«ამ მოძველებული shim-ჩამტვირთველების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ UEFI Secure Boot-ის მექანიზმის გვერდის ავლისთვის ახალი დაუცველობის აღმოჩენა აღარ არის საჭირო. თავდამსხმელს აღარ მოუწევს შეტევის ახალი მეთოდის მოძიება - საკმარისია ჰქონდეს ძველი, ოფიციალური და ჯერ კიდევ არაგაუქმებული UEFI shim-ჩამტვირთველის ორობითი ფაილის ასლი და მისი მუშაობის პრინციპის საბაზისო ცოდნა», - აღნიშნა ESET-ის მკვლევარმა მარტინ სმოლარმა, რომელმაც ეს დაუცველობა აღმოაჩინა.
წლების განმავლობაში UEFI-ის shim-ჩამტვირთველი მუდმივად იხვეწებოდა და მის ახალ ვერსიებში უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაინერგა. ამავდროულად, მრავალი მესამე მხარის დეველოპერი იყენებდა ჩამტვირთველის ხელმისაწვდომ წყაროს კოდს საკუთარი ორობითი ფაილების შესაქმნელად, რომლებსაც შემდგომ Microsoft-ს ხელმოსაწერად უგზავნიდნენ. ეს პრაქტიკა shim-ის მუშაობის პრინციპს შეესაბამება და ფართოდ არის გავრცელებული. თუმცა, მოძველებული UEFI-ის ჩამტვირთველების დროული გაუქმებისთვის არასაკმარისი ყურადღების გამო, მათი გამოყენება უსაფრთხოების უახლესი მექანიზმების გვერდის ასავლელად შესაძლებელი გახდა.
მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაიცვან დაუცველი shim-ჩამტვირთველებისგან, თუ დააინსტალირებენ Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ UEFI-ის გაუქმებული კომპონენტების მონაცემთა ბაზის (dbx) უახლეს განახლებას. Windows-ის სისტემებში შესაბამისი განახლებები, როგორც წესი, ავტომატურად ინსტალირდება. Linux-ის სისტემებისთვის განახლებები ხელმისაწვდომია Linux Vendor Firmware Service (LVFS)-ის მეშვეობით.
UEFI-ის დაუცველი shim-ჩამტვირთველების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.
საკუთარ IT-სისტემებში მავნე აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში, ESET-ის პროდუქტების მომხმარებლებს შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@eset.ge.